აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, მოხუცთა თავშესაფრების თანამშრომლებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დაწესებულებებს ფედერალური დაფინანსება შეუწყდებათ.
"თუ მუშაობ მოხუცთა თავშესაფარში და ემსახურები ხალხს თქვენ მოგეთხოვებათ აცრა. ვიყენებ ფედერალური მთავრობის, როგორც ჯანდაცვის ხარჯების გადამხდელის ძალაუფლებას რათა უზრუნველვყოთ რისკების შემცირება ჩვენი ყველაზე დაუცველი ხანდაზმულებისთვის. ეს ნაბიჯები ეხება ადამიანების დაცვას. თუ თქვენ სტუმრობთ, ცხოვრობთ ან მუშაობთ ხანდაზმულთა სახლში, თქვენ აღარ უნდა იყოთ მაღალი რისკის ს ქვეშ, რომ აუცრელი თანამშრომლებისგან დაინფიცირდებით. ვიცი, რომ ფედერალურ დონეზე ჩემი ძალაუფლება შეზღუდულია, მაგრამ განვაგრძობ გზების ძიებას, რომ ხალხის უსაფრთხოება დაცული იყოს და ვაქცინაციის მაჩვენებელი გაფართოვდეს", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის ხანდაზმულთა სახლებში კორონავირუსით 130 000-ზე მეტი ბინადარი გარდაიცვალა. მისივე განმარტებით, კვლევებმა აჩვენა, რომ ხანდაზმულთა სახლების თანამშრომლებში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებულია ბინადართა შორის დაინფიცირების მინიმუმ 30 %-ით შემცირებასთან.
ამასთანავე, ჯო ბაიდენმა დაავალა განათლების მდივანს "მიიღოს დამატებითი ზომები ბავშვების დასაცავად. გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა და კანონიერი ქმედება, საჭიროების შემთხვევაში, იმ გუბერნატორების წინააღმდეგ, ვინც აშინებს სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს, რომლებიც მოსწავლეებს სკოლაში პირბადის ტარებას ავალდებულებენ".