თურქეთი: ჩვენი მიზანია, ქაბულის აეროპორტის დაცვა და ამ ქვეყნის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა აშშ-ის გასვლის შემდეგ

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზადაა, ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

მანვე აღნიშნა, რომ თურქეთი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ თემაზე, მათ შორის აშშ-სთან.

„ჩვენ ვცდილობდით, ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ამ ქვეყნის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას ამერიკელების (ჯარების) გაყვანის შემდეგ", - აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, „თალიბანის“ მიერ ქაბულის სწრაფმა ხელში ჩაგდებამ თურქეთის გეგმა გაურკვეველი გახადა.

"ჩვენ ახლა ადგილზე შექმნილი ახალი რეალობის მიხედვით ვცდილობთ დაგეგმვას და შესაბამისად ვაწარმოებთ ჩვენს მოლაპარაკებებს", - განაცხადა ერდოღანმა.

ქაბულის აეროპორტს თურქ სამხედროებთან ერთად აზერბაიჯელი სამხედროებიც დაიცავენ

ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ განაგრძობენ მოლაპარაკებებს ანკარასთან აეროპორტის უსაფრთხოების ღონისძიებებზე და გამოხატავენ მადლიერებას ქაბულიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციაში თურქეთის როლისთვის.

„ავღანეთში თურქეთის სამხედრო ყოფნა ახალ ადმინისტრაციას მისცემს უპირატესობას საერთაშორისო ასპარეზზე და გაუმარტივებს საქმეს", - განაცხადა ერდოღანმა.

17 აგვისტოს, ბრიუსელში, ავღანეთის საკითხზე შეხვედრის შემდეგ, NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ჰკითხეს მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ ავღანეთში სიტუაციის დასტაბილურებას აშშ-ის ჩარევის გარეშე განიხილავენ. ამასთან დაკავშირებით, მედიამ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის ბენ უოლესის სიტყვები მოიყვანა, რომლის თანახმად, სწორედ ამ საკითხებზე გაიარა კონსულტაციები მეკავშირეებთან.

„მე ვნახე ცნობები მცდელობების შესახებ, რომ შეიქმნას ერთგვარი კოალიცია, რომელსაც სურს, შეცვალოს NATO და აშშ ავღანეთში. მე ეს წავიკითხე გაზეთებში და მე არ ვყოფილვარ NATO-ში რაიმე კონსულტაციის მონაწილე ამასთან დაკავშირებით.

როდესაც შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა ავღანეთი, რა თქმა უნდა, ის იყო პასუხისმგებელი ჯარისკაცების უმრავლესობაზე და იკისრა კიდეც ტვირთის ნაწილი. სხვა ევროპელი მეკავშირეების, კანადის ან პარტნიორი ქვეყნებისგან არ არის სურვილი, შეცვალონ აშშ ან შეავსონ შეერთებული შტატების ადგილი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ამასთან, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO მუშაობს 24-საათიან რეჟიმში, რათა ქაბულის აეროპორტმა ფუნქციონირება განაგრძოს.

„NATO-ს ყურადღება ახლა გამახვილებულია მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების პერსონალისა და ავღანელების უსაფრთხო გაყვანის უზრუნველყოფაზე. NATO -ს სამოქალაქო პერსონალის 800-მდე წევრი ადგილზე რჩება ძირითადი ფუნქციების უზრუნველსაყოფად.

მინდა მადლობა გადავუხადო მათ. ნება მომეცით, ასევე მადლობა გადავუხადო NATO-ს მოკავშირეების სამხედრო ძალებს, კერძოდ თურქეთს, შეერთებულ შტატებს და გაერთიანებულ სამეფოს აეროპორტის მუშაობის უზრუნველყოფაში სასიცოცხლო როლისთვის.

აეროპორტში ოპერაციები ახლა თანდათან განახლდება. მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ისინი აგზავნიან დამატებით თვითმფრინავებს. ჩვენ ასევე შევინარჩუნეთ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა. ჩვენი უფროსი სამოქალაქო წარმომადგენელი ელჩი პონტეკორვო და მისი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობენ მოკავშირეებთან და დანარჩენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ევაკუაციის კოორდინაციისა და ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ კვლავაც მზად ვართ, დავასრულოთ ევაკუაცია ავღანელი კოლეგების ჩათვლით, რაც შეიძლება მალე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ბოლო დღეების განმავლობაში, მსოფლიო მოვლენის ეპიცენტრში ავღანეთია. „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.

საქართველოს 6 მოქალაქე ავღანეთიდან უნგრული ბორტით დაბრუნდა

საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი კვლავ იმყოფება ავღანეთში, შესაბამისად, საქართვლო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ყველა უწყებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოხდეს დამატებითი ავიარეისების ორგანიზება, რომლის საშუალებითაც უახლოეს პერიოდში ჩვენი მოქალაქეები სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა.

ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა

ლოიდ ოსტინი: აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ შესაძლებლობა, მოქალაქეების ქაბულის აეროპორტამდე უსაფრთხოდ მიყვანა უზრუნველყონ

ამ დროისთვის ქაბულში 4 500-მდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება. „თალიბანთან“ შეტაკება არ მომხდარა. პარალელურად ღია რჩება „თალიბანის“ ლიდერებთან საკომუნიკაციო ხაზი.

აშშ-მა 5 200-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, მათ შორის 2 000 გასული 24 საათის განმავლობაში გამოიყვანეს. ვაშინგტონმა პასუხისმგებლობა აიღო, ქვეყნიდან გამოიყვანოს რისკის ქვეშ მყოფი 22 000 ავღანელი.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავღანეთის ქალაქ ასადაბადში გამართულ საპროტესტო აქციაზე თალიბებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაღუპულებიც. თუმცა ბრიტანული სააგენტო აზუსტებს, რომ უცნობია, მსხვერპლი გასროლას მოჰყვა თუ ჭყლეტას.

Reuters-ის ცნობით, „თალიბმა“ მებრძოლებმა დამოუკიდებლობის აღსანიშნავად შეკრებილ მოქალაქეებს ესროლეს, რომლებიც ავღანეთის დროშებს აფრიალებდნენ და თალიბების დროშებს ხევდნენ.

ცნობისათვის, 19 აგვისტოს, „თალიბანმა“ ქვეყანას მისი მმართველობის (1996-2001) დროინდელი სახელწოდება, „ავღანეთის ისლამური საამირო“ დაუბრუნა. მას პაკისტანი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და თურქმენეთი აღიარებდნენ.

დაჯგუფების სპიკერმა ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა Twitter-ზე დაწერა, რომ ეს ფაქტი დღეს ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 102-ე წლისთავის აღსანიშნავად მოხდა.