ირაკლი ღარიბაშვილი: ჩოხატაური ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს

"ჩოხატაური ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "ქართული ოცნების" ჩოხატაურის მერობის კანდიდატის დავით შარაშიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკოტურიზმი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი წამყვანი.

"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ, ამ ულამაზეს ადგილას, ერისთავების სასახლის ტერიტორიაზე. ამ მართლაც უნიკალურ ადგილას, გვახსენდება კიდევ ერთხელ, თუ რაოდენ დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას და ამ შემთხვევაში, ჩოხატაურს.

ჩოხატაური მართლაც გამოირჩევა თავისი სილამაზით, პოტენციალით, რომელიც ამ მუნიციპალიტეტს გააჩნია. აქ შეიძლება ბევრი რამ გაკეთდეს და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვგეგმავთ. ეკოტურიზმი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი წამყვანი. ზოგადად, ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს ჩოხატაური და სწორედ ამ ადგილს აქვს ამის უნიკალური შესაძლებლობა და პოტენციალი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ხელვაჩაურში ყოფნისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი.

"ხელვაჩაურში გამოსვლისას ვთქვი, რომ ერთ-ერთი მთავარი დიდი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ, იქნება სწორედ ახალი ქალაქის მშენებლობა გონიოში. გონიო უნდა გახდეს ახალი ფინანსური ცენტრი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. ეს არის ამბიციური გეგმა და ხედვა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სტაბილური გარემო",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის წარდგენის ღონისძიებაზე.

ამავე თემაზე:

ლევან დავითაშვილი: ვმუშაობთ გურიის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებაზე

ირაკლი ღარიბაშვილი: გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით