ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროპის „მორალური ვალდებულებაა" გადაარჩინოს რაც შეიძლება მეტი ავღანელი, მაგრამ აქვე დაამატა, რომ ყველა მათგანის გაყვანა ვერ მოხერხდება.
მისი თქმით, ევროკავშირმა ამ დრომდე ავღანეთიდან 106 თანამშრომლის ევაკუაცია შეძლო, თუმცა ბლოკის 300-ზე მეტი ავღანელი თანამშრომელი ქაბულის ქუჩებშია ჩაკეტილი და აეროპორტამდე მისვლას ვერ ახერხებს.
”ეს ხალხი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად უჭერდა მხარს ავღანეთში ევროკავშირის ინტერესებს, ჩვენი მორალური მოვალეობავა დავიცვათ ისინი და რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავარჩინოთ”, - განაცხადა ბორელმა.
ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბორელმა აღნიშნა, რომ „თალიბანის“ სწრაფი მოქმედებები სადაზვერვო სამსახურებმა წინასწარ ვერ განსაზღვრეს და ავღანეთში მომხდარი მოვლენები ,,კატასტროფად" შეაფასა.
„ნება მომეცით გითხრათ, რომ ეს არის კატასტროფა. ეს არის კატასტროფა ავღანელი ხალხისთვის, დასავლური ღირებულებებისთვის, ავტორიტეტისთვის და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისთვის“, - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
თავის გამოსვლაში ბორელმა აღნიშნა, რომ ავღანელი მიგრანტების ახალმა ტალღამ შეიძლება მიაღწიოს ევროპას და გაიმეოროს 2015 წლის მიგრაციული კრიზისი.