საკოორდინაციო საბჭო დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე მსჯელობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე მსჯელობს.

"მე ჩემს რეკომენდაციებს ვსაუბრობ საკოორდინაციო საბჭოზე. მე გიდასტურებთ, რომ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ ქალაქებში შეიზღუდოს". - თქვა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანა შევიდა პიკში და ძალიან რთულია ორ კვირაში ან სამ კვირაში ინფიცირებულთა რიცხვის რადიკალური ქვესვლა.

„ჩვენ პიკში შევედით, ეს პიკი და აღმასვლა გაგრძელდება, თუ ჩვენ არ მივიღეთ გარკვეული გამკაცრებული ზომები, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ არამარტო გამკაცრებული მექანიზმები, არამედ ტესტირების მეტი ხელმისაწვდომობა, უფრო მეტი მზად ყოფნა პირველადი ჯანდაცვის სექტორში და მაქსიმალურად ინფიცირებულთა დაახლოებით 85%-ის მართვა პირველადი ჯანდაცვის სექტორის ანუ ოჯახის ექიმების მიერ, ხოლო ვისაც სჭირდება სტაციონალური დახმარება მათი დახმარება ჰოსპიტალურ სექტორში. ასეთია ზოგადი მიდგომა, რა თქმა უნდა, ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ - მივყვებით ამ მიმართულებებს. ჩვენ პიკში შევედით და ამიტომაც უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები და ვფიქრობ, რომ ხვალ უნდა გამოცხადდეს ამის შესახებ”, - განაცხადა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დამატებითი შეზღუდვების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.