„საზოგადოება ითხოვდა ჩვენგან გამარჯვებას და ჩვენ ეს შევძელით“ - ექსკლუზივი

„საზოგადოება ითხოვდა ჩვენგან გამარჯვებას და ჩვენ ეს შევძელით“, - ასე ეხმაურება თბილისის ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი მოსკოვის დინამოსთან გუშინ გამართულ მატჩს, რომელიც თბილისის დინამოს გამარჯვებით დასრულდა.

როგორც „ევროპათაიმს“ ჭიაბრიშვილი უყვება, გამარჯვება ყოველთვის აბედნიერებს ადამიანს, თუმცა ეს თამაში თამაშზე მეტი იყო. „საზოგადოება ითხოვდა ჩვენგან გამარჯვებას და ჩვენ ეს შევძელით. ჩვენთვის ეს ერთი რიგითი თამაში ვერ იქნებოდა, ამის გარდა ჩვენ მოვუგეთ ძლიერ,მაღალბიუჯეტიან გუნდს. ჩემთვის პოლიტიკა და სპორტი გამიჯნულია, თუმცა მესმის საზოგადოების და იმ ემოციების რაც ამ თამაშმა გამოიწვია. ჩვენ ჩვენი საქმე და ჩვენი ბრძოლა გვაქვს. ყოველთვის მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო შენს პროფესიაში და უნდა იბრძოლო შენი ქვეყნის წარმატებისთვის".

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა რთული თამაში მაყურებლის გარეშე, ჭიაბრიშვილი ამბობს რომ „მაყურებლის გარეშე თამაშს თავისი სირთულეები აქვს, მაგრამ გუშინ, მიუხედავად იმისა, რომ თამაში მაყურებლის გარეშე გაიმართა სტადიონზე, ჩვენ სხვადასხვა არხებით ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით. მთელი დღე არ წყდებოდა ზარები მეგობრების, ახლობლების თუ უბრალოდ მხარდამჭერების მხრიდან“.

გუნდს მორიგი თამაში ესპანურ გუნდთან აქვს და მწვრთნელი იმედოვნებს რომ მორიგი მატჩიც წარმატებით დასრულდება.

„მორიგი თამაში ესპანეთში გვექნება. საკმაოდ ძლიერი გუნდია, ჩვენ ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ. ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი და სანერვიულო. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჭიაბრიშვილის თქმით, მისი მიზანი რაც შეიძლება კარგი გუნდის ჩამოყალიბებაა“.

შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანური "გრანადა" იქნება. მატჩს „მიხეილ მესხი 2“-მა უმასპინძლა. მატჩის პირველ ტაიმში უპირატესობას მოსკოველები ფლობდნენ, პირველი სახიფათო მომენტი სწორედ მათ შექმნეს, თუმცა შესვენებაზე ანგარიში 0:0 იყო.მეორე ნახევარში თბილისელებმა გოლი გაიტანეს, თორნიკე კირკიტაძის ჩაწოდებით, ირაკლი სიხარულიძემ 1:0 დააფიქსირა. 76-ე წუთზე კი გავაშელიშვილმა მეორე გოლი გაიტანა.მატჩის ბოლოს მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელებმა პენალტი მოიპოვეს, რომლითაც ანგარიში შემცირდა 2:1.