„თალიბანმა“ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიარება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ABC-სთან ინტერვიუში, 19 აგვისტოს განაცხადა. ინტერვიუდან ამ ფრაგმენტს Reuters-ი ავრცელებს.
ბაიდენმა აქვე დაამატა, რომ არ ფიქრობს, „თალიბებმა“ ფუნდამენტურად შეიცვალეს შეხედულებები.
„მე ვფიქრობ, ისინი განიცდიან ერთგვარ ეგზისტენციალურ კრიზისს იმის შესახებ: სურთ თუ არა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ისინი, როგორც ლეგიტიმური მთავრობა აღიაროს? დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს სურთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქალთა უფლებების უზრუნველსაყოფად საჭიროა ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლა და არა სამხედრო ძალა.
ცნობისათვის, რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ მიერ ავღანეთში აშშ-ისგან მხარდაჭერილი მთავრობის დამხობის შემდეგ, ჯო ბაიდენის რეიტინგი მისი პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
ჯო ბაიდენი: ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა ქაოსის გარეშე, შეუძლებელი იყო
Reuters/Ipsos-ის მიერ ამ კვირაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ბაიდენის რეიტინგი 7%-ით შემცირდა და 46%-ს შეადგენს. გასულ კვირაში, პრეზიდენტის საქმიანობას ამერიკელების 53% დადებითად აფასებდა.