ბრალდებულების/მსჯავრდებულების კოვიდინფიცირების შემთხვევების (უსიმპტომო ან/და მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები) მართვის მიზნით, N10 პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე შესაბამისი სივრცე მოეწყო და ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, კოვიდინფიცირებულთათვის საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში მუშაობისა და ინფიცირებულ პირთა ჯანმრთელობის მართვის მიზნით, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მიერ ორგანიზებული ტრენინგის ფარგლებში, დაწესებულების სამედიცინო და არასამედიცინო სამსახურის 21-მა თანამშრომელმა გაიარა მომზადების კურსი.
ტრენინგის თემა იყო: უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე ინფექციის მართვა/მკურნალობა, შესაბამისი კვლევების საჭიროების გამოვლენა და მისი ჩატარების უზრუნველყოფა, შესაძლო გართულებების ადრეული ნიშნების იდენტიფიცირება, რეფერალის საჭიროების დროული გამოვლენა და მისი ორგანიზება, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა, რაც გულისხმობს ნაკადების ადეკვატურ მართვას, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებას, დაბინძურებული და სუფთა ზონების გამიჯვნას, დეზინფექციის მოთხოვნების თავისებურებასა და მისი მკაცრად დაცვის უზრუნველყოფას.