ავღანეთში ბრიტანეთის ელჩი სერ ლორი ბრისტოუ, რომელმაც უარი თქვა ქვეყნიდან წამოსვლაზე, ქაბულის აეროპორტშია და სავიზო საკითხების მოგვარებაში ეხმარება ავღანელებს, რომლებიც ბრიტანელებთან თანამშრომლობდნენ და ახლა ქვეყნის დატოვება სურთ.
Evening Stardar-ის ინფორმაციით, თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ ბრისტოუ ქაბულიდან გასულ კვირას გაიყვანეს, თუმცა ის ავღანეთში დარჩა, დაეხმარა 300 ბრიტანელ ჯარისკაცს და გეგმავს, რომ სულ მცირე 6 000 ადამიანს მისცეს ვიზა ქვეყნის დასატოვებლად. ის სავიზო საკითხების მოსაგვარებლად მოწყობილ სივრცეში, მაგიდასთან მოთავსდა და თქვა, რომ ადგილზე დარჩება, სანამ ეს საჭირო იქნება.
როგორც ცნობილია, 57 წლის ბრისტოუ რამდენიმე თვის წინ დაინიშნა ამ თანამდებობაზე. წარსულში ის რუსეთში ელჩის მოადგილედ და შემდეგ ელჩად მუშაობდა.
როგორ მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, განათლება კემბრიჯში მიიღო, ბრიტანეთის საგარეო უწყებაში მუშაობა 1990 წელს დაიწყო.
ცნობისთვის, ,,თალიბანმა" რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.
Reuters-ის ცნობით, ავღანეთიდან სულ 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.