ავღანეთიდან ჯამში 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. იუწყება ბრიტანული სააგენტო Reuters-ი. დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2200 -ზე მეტი დიპლომატი და სამოქალაქო პირია ევაკუირებულია ავღანეთიდან სამხედრო ფრენებით.
ნიდერლანდებმა ქაბულის აეროპორტში ქაოსისა და ევაკუაციის შეჩერების შემდეგ, ავღანეთიდან 35 მოქალაქე გაიყვანა და ჯამში რაოდენობა 50-ს შეადგენს. მათ ასევე უზრუნველყვეს უცხო ქვეყნის 20 მოქალაქის გაყვანა.
18 აგვისტოს, გვიან ღამით ამსტერდამში დაეშვა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც იყო 16 ბელგიელი, ორი გერმანელი და ორი ბრიტანული პასპორტის მფლობელი.
უცხოური მედია წერს, რომ ქაბულიდან გამოფრენილი ნიდერლანდების საევაკუაციო ლაინერი თბილისში დაჯდა. ამასთან, ავღანური Kam Air-ის ბოინგი, რომელმაც ქაბულიდან უკრაინის მოქალაქეების გარდა, ნიდერლანდების, ხორვატიის, ბელარუსის და ავღანეთის 80-მდე მოქალაქე გამოიყვანა, რამდენიმე დღის წინ, გამთენისას საწვავის შესავსებად თბილისის აეროპორტში დაეშვა და შემდეგ, კიევის ბორისპოლის აეროპორტში გაფრინდა.
„თალიბანის“ მიერ დედაქალაქის დაკავების შემდეგ, ჰოლანდიელები მიზნად ისახავენ საელჩოს 1000 ადგილობრივი თანამშრომლის, მთარგმნელისა და მათი ოჯახების ევაკუაციას.
17 აგვისტოს, ევაკუაციის მცდელობა ჩაიშალა, რადგან ნიდერლანდების და სხვა ქვეყნების სამხედრო თვითმფრინავმა დატოვა ქაბული მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძალებმა, რომლებიც იბრძვიან პანიკაში მყოფი ხალხის გასაკონტროლებლად, აუკრძალეს ავღანელებს აეროპორტში შესვლა.
ბოლო დღეების განმავლობაში, მსოფლიო მოვლენის ეპიცენტრში ავღანეთია. „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას.
ცნობისათვის, საქართველოს 6 მოქალაქე ავღანეთიდან უნგრული ბორტით დაბრუნდა. „საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი კვლავ იმყოფება ავღანეთში, შესაბამისად, საქართვლო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ყველა უწყებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოხდეს დამატებითი ავიარეისების ორგანიზება, რომლის საშუალებითაც უახლოეს პერიოდში ჩვენი მოქალაქეები სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა.