საქართველომ საველე ჰოსპიტლის გამოყენება დაიწყო

გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტალის ოპერირება დაგვეწყო, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, გუშინ ცხრა პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში.

„პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და ჰოსპიტალი დღეიდან უკვე სრული დატვირთვით შეუდგება მუშაობას. საუბარია დიღომის ჰოსპიტალზე. საველე ჰოსპიტალი ძირითადად არის დროებითი დაყოვნებისთვის, ასეთ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს პაციენტის დროული სტაბილიზაცია და შემდეგ მისი გადამისამართება სიმძიმიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ ორ სამ დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება და შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში, რაც იქნება მისი მართვისთვის საჭირო“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, დღეს ჰოსპიტალური სექტორი არის მაქსიმალურად დატვირთული.

„ადგილი თუ თავისუფლდება, ხდება მაშინვე ამ ადგილის შევსება. არის რამდენიმე სარეზერვო ადგილი, მაგრამ ძირითადად პაციენტების მიღება ხდება ბრუნვის ხარჯზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 743 ადამიანს დაუდასტურდა, 3 393 გამოჯანმრთელდა, ხოლო 59 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა