გაერთიანებულმა სამეფომ Covid19-ის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მარეგულირებელმა Covid19-ის პრევენციისა და მკურნალობის მიზნით პრეპარატი რონაპრევი დაამტკიცა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო (MHRA) აცხადებს, რომ პრეპარატი რონაპრევი ხელს შეუწყობს ინფექციის თავიდან აცილებას, COVID-19 ინფექციის სიმპტომების გართულების თავიდნ აცილებას და შეამცირებს ჰოსპიტალიზაციის შანსებს.

„ეს მკურნალობა იქნება ჩვენი იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი Covid19-ის დასაძლევად. რონაპრევის მიღება შესაძლებელია ინექციის ან ინფუზიის გზით. ის მჭიდროდ ეკვრის კორონავირუსს სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსში და ხელს უშლის მას სასუნთქი სისტემის უჯრედებზე წვდომის მიღებაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მდივანმა, საჯიდ ჯავიდმა.

ფაქტს გამოეხმაურა ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი.

„პრეპარატი რონაპრევი, როშისა და რეგენერონის მიერ შექმნილი ანტისხეულია, Covid-19ის პრევენციისა და მკურნალობის მიზნით. მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო (MHRA) აცხადებს, რომ ეს არის პირველი პრეპარატი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების მონოკლონური ანტისხეულების საშუალებით სამკურნალოდ.

ივლისში იაპონია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ პრეპარატის ლიცენზირება მოახდინა, რომლის ლაბორატორიულმა კვლევამ დაადგინა, რომ ჰოსპიტალიზაცია ან სიკვდილიანობა შემცირდა 70% -ით და სიმპტომების პერიოდი შემცირდა ოთხი დღით. სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს და რონაპრევი ახლა ლიცენზირებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ინდოეთი, შვეიცარია, კანადა და ევროკავშირი. რონაპრევი მიეკუთვნება წამლების კლასს, რომელსაც ეწოდება მონოკლონური ანტისხეულები, რომლებიც ბუნებრივი ანტისხეულების მსგავსია“, - წერს ზაზა წერეთელი Facebook-ზე.