თამარ გაბუნია: თავშესაფრებში მცხოვრები ადამიანების ვაქცინაცია რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნია აცხადებს, რომ თავშესაფრებში მცხოვრები ადამიანების ვაქცინაცია რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ამის შესახებ მანდ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უკვე დაახლოებით 100 ადამიანია აცრილი.

„თავშესაფრებში მცხოვრები პირების ვაქცინაცია რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს. დაახლოებთ 250 არის სამიზნე ჯგუფი ბენეფიციარებისა და მომვლელი პერსონალის ჩათვლით, ვინც, რა თქმა უნდა, განაცხადა თანხმობა, რომ აიცრას. მობილური ბრიგადა გადის თავშესაფრებში რეანომობილის თანმხლებით, რათა აცრა ჩატარდეს უსაფრთხოდ.

მოგეხსენებათ, ამას გარკვეული დრო სჭირდება, იმის გათვალისწინებითაც, თუ რამდენად დატვირთულია დღეს რეანომობილის სერვისი. ამ ჯგუფიდან დაახლოებით 50 პროცენტი, ასამდე პირია უკვე აცრილი. ხურვალეთში აცრები დაგეგმილია ხვალისთვის. პროგრამაში ჩართულ სხვა დანარჩენ თავშესაფარსა და ხანდაზმულთა სახლებში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში სრულად იქნება ამოწურული პროცესი. თითო დაწესებულების მოცვას თითო დღე სჭირდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 743 ადამიანს დაუდასტურდა, 3 393 გამოჯანმრთელდა, ხოლო 59 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 907 665 აცრა ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში აიცრა 23 986 მოქალაქე.