დავით ზალკალიანი: ურუგვაი მზად არის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით, საქართველოსთან მოლაპარაკებები დაიწყოს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფრანსისკო ბუსტილიო ბონასოს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში შემავალი საკითხების ფართო სპექტრი და სამომავლო პრიორიტეტები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. აღინიშნა, რომ გეოგრაფიული დისტანციის მიუხედავად, საქართველოსა და ურუგვაის შორის არაერთი მსგავსებაა, საერთო ღირებულებებისადმი პატივისცემა და ინტერესები, ქმნის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელოვან პოტენციალს.

"ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესს, რაზეც მეტყველებს მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების სიხშირე.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ შესანიშნავი პოლიტიკური დიალოგის პარალელურად, არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, სექტორული თანამშრომლობისა და სამართლებრივი ჩარჩოს კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობა. ურუგვაის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციის, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს, გეოსტრატეგიული მდებარეობისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ქსელის შესახებ. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად, უახლოეს მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, რომელსაც მინისტრი გააჟღერებს გახლავთ ის, რომ მე მან გადმომცა ნოტა, იმასთან დაკავშირებით, რომ ურუგვაი მზად არის საქართველოსთან დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით. ვფიქრობ ეს იქნება ამ ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი, რომელიც კიდევ უფრო გააფართოებს სავაჭრო- ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩვენს შორის და საქართველოს პოტენციალი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული, ისე როგორც ჩვენ გამოვიყენებთ იმ პოტენციალს და შესაძლებლობებს, რომელსაც ურუგვაი, ჩვენი მეგობარი ქვეყანა გვთავაზობს ლათინური ამერიკის რეგიონში" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საერთაშორისო არენაზე სხვადასხვა საკითხებზე თანხვედრი პოზიციიდან გამომდინარე, საერთაშორისო ფორმატებში, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატონ ფრანსისკო ბუსტილიოს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების მხარდაჭერისთვის.

დავით ზალკალიანმა ურუგვაელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურუგვაის ურყევი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ლათინური ამერიკის რეგიონში ურუგვაის საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი და მეგობარი ქვეყანაა", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ბატონი ფრანსისკო ბუსტილიო საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობს. ის თბილისში სომხეთის რესპუბლიკიდან ჩამოვიდა, ხოლო საქართველოდან თურქეთში გაემგზავრება.