შეერთებული შტატები, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, რუსეთის ფედერაციას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ერთი წლისთავზე დამატებით სანქციებს უწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის მხრიდან დაწესებული სანქციები მოიცავს შეზღუდვებს ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის იმპორტზე, რომელიც წარმოებულია ან განთავსებულია რუსეთში. ასევე ითვალისწინებს რუსეთში ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების ექსპორტის შემდგომ შეზღუდვებს.
გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტი და ხაზინის დეპარტამენტი სასანქციო სიაში შეიყვანენ 9 რუს ფიზიკურ პირსა და 4 ორგანიზაციას, მათ შორის ოპერატიულ მუშაკებს, რომლებიც ალექსეი ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის სანქციებს, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები რუსეთის 7 მოქალაქეს დაუწესა, რომლებიც დაკავშირებულები არიან რუსი ოპოზივიონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან. შვიდივე მათგანი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) წევრები არიან.
სანქციები ანგარიშების გაყინვას და მოგზაურობის შეზღუდვას გულისხმობს.