ჯო ბაიდენმა ქაბულიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქაბულიდან მოქალაქეების გაყვანის პროცესს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული საჰაერო გადაყვანა უწოდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა ამერიკელი, რომელსაც სურდა ევაკუაცია „თალიბანის“ მიერ მართული ავღანეთიდან, სახლში დაბრუნდა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, ავღანელების და სხვების ჩათვლით, შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 13,000 ადამიანი გადაიყვანა.

მან პირობა დადო, რომ ავღანეთიდან დააბრუნებს ყველა ამერიკელს, ვისაც ამის სურვილი აქვს.

ავღანეთიდან ჯამში 18 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული

ბაიდენმა, რომელმაც მტკიცედ დაიცვა აშშ-ის მიერ ავღნეთიდან გასვლის გადაწყვეტილება, აღიარა, რომ გასულ კვირას ქაბულის სცენები გულსატკენი იყო. შეერთებულ შტატებს ავღანეთში 6000 ჯარისკაცი ჰყავს, რათა დაეხმარონ ევაკუაციის მცდელობებს და შეინარჩუნონ კონტროლი ქაბულის აეროპორტში, აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

განიხილავს თუ არა აშშ აეროპორტს გარეთ უსაფრთხოების პერიმეტრის გაფართოებას, ჟურნალისტების ამ კითხვის საპასუხოდ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი სავარაუდოდ, „არასასურველ შედეგებს" გამოიწვევს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა შეიძლება იყოს ეს შედეგი.

ჯო ბაიდენმა განმარტა, რომ ამერიკელ სამხედროებს ქაბულიდან ევაკუაციის რამდენიმე საათით შეჩერება მოუწიათ, თუმცა ფრენები უკვე განახლდა.

„ნებისმიერ ამერიკელს, რომელსაც სახლში დაბრუნება სურს, სახლში დავაბრუნებთ. ვერ დაგპირდებით, რომ საბოლოო შედეგი დანაკარგის რისკის გარეშე იქნება, მაგრამ როგორც მთავარსარდალი შემიძლია დაგპირდეთ, რომ ყველა საჭირო რესურსის მობილიზებას მოვახდენ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.