სამართალდამცველებმა სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ო.გ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ ტერიტორიაზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა, ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო მიკროავტობუსის შემოწმების შედეგად, აღნიშნული ტრასპორტის სალონში დამალული, ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.