გიგი უგულავა ფოთში ოპოზიციური პარტიების ნაწილის მერობის კანდიდატია

„გიგი უგულავა გამოცდილი პოლიტიკოსია და მან თბილისის მერობის დროს დედაქალაქი მნიშვნელოვნად წასწია წინ“. ასე წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გიგი უგულავა ფოთში მერობის კანდიდატად.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფოთში არის ძალიან გამოცდილი, მძიმეწონიანი პოლიტიკოსი, რომელმაც უდიდესი გამოცდილება მიიღო განვლილ წლებში. მისი მოწინააღმდეგეებიც, ბიძინა ივანიშვილიც კი ვერ უარყოფს, რომ თბილისი მნიშვნელოვნად, სასიკეთოდ წინ წასწია და ეჭვი არ მეპარება, იგივეს გააკეთებს ფოთში, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. მაგრამ მანამდე რეფერენდუმში უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება.

გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ ხალხმა. დავივიწყოთ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია. აღარაა ეს პარტიული ბრძოლა, ესაა საზოგადოების ბრძოლა. ჩვენ, როგორც საზოგადოების წევრები ამ ბრძოლაში სხვადასხვა ამპლუით ვართ ჩაბმული“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ბევრი მეკითხება რატომ ფოთი და რატომ 5 ნომერი“, - გიგი უგულავამ ამ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ 2 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი, სადაც მმართველი პარტიისთვის „საბოლოო განაჩენი“ დააანონსა.

„მანამდე ჩვენ მოგვიწევს ერთობლივი ბრძოლა და შრომა. ჩემთვის უდიდესი პატივია, აქ ვიყარო კენჭი და თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში გავხდე ფოთის რჩეული. შესაძლოა, ბევრმა ადამიანმა თქვას, რა გინდა, ამხელა ქალაქის მერი იყავიო, თუმცა ერთია, როდესაც შენ ხარ ხელისუფლების კანდიდატი და მეორეა, როდესაც მხარს უჭერ ბრძოლას უკეთესი ქვეყნისთვის. ფოთში ყველა აკეთებს ფულს, მაგრამ არავინ ხარჯავს, ცენტრალური მთავრობა უკან აბრუნებს კაპიკებს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, ოპოზიციის ნაწილმა ბათუმის მერობის კანდიდატად გიორგი კირთაძე დაასახელა. ის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ წარადგინა.

ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებიც დაასახელა.

გიგი უგულავამ „ევროპული საქართველო“ 2020 წლის არჩევნების შემდეგ დატოვა. ეს პარტია ერთ-ერთია იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის, რომლებიც მომავალ არჩევნებში საერთო კანდიდატებს მხარს უჭერენ.