ესპანეთის პორტ სეუტაში არ შეუშვეს რუსეთის სამხედრო გემები. გემებს საწვავისა და სურსათის მარაგი უნდა შეევსოთ და ეკიპაჟი ქალაქში გასეირნებას აპირებდა.
რუსეთის მეზღვაურებმა რამდენიმე კვირის წინ გაგზავნეს სპეციალური განაცხადი და სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემებისთვის 18-20 აგვისტოს ითხოვეს პორტში შეშვება, მაგრამ საპასუხოდ ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათგან მოითხოვა ინფორმაცია პორტში შესვლისა და მარშრუტის შესახებ. რუსეთის მხარემ არ უპასუხა ესპანეთის მოთხოვნას, ესპანეთმა კი, შესაბამისად, სეუტაში შესვლის უფლება არ მისცა რუსეთის გემებს.
ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება მოჰყვა მოკავშირეების კრიტიკას. მათ არაერთხელ გამოუთქვამთ უკმაყოფილება იმის გამო, რომ ესპანეთი რეგულარულად აძლევს რუსეთის სამხედრო გემებს თავის პორტებში შესვლის უფლებას, მიუხედავად კრემლის მიმართ ევროკავშირის სანქციებისა. განსაკუთრებით ხშირად ხდებოდა ეს 2010-2016 წლებში. ამ პერიოდში რუსეთის გემებმა სეუტა დაახლოებით 60-ჯერ მოინახულეს.