ქვეყანა ბრძოლისგან დაიღალა, მაგრამ გახსოვდეთ, ვეომებით ვირუსს და არა ერთმანეთს - ბაიდენი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მოუწოდა, კორონავირუსისგან თავის დასაცავად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ნაბიჯები გადადგან.

„ყოველთვის იმსახურებთ სიმართლის მოსმენას თქვენი პრეზიდენტისგან. უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ ვირუსის ზრდა, რომელმაც მოგვიტანა ტკივილი, მსხვერპლი და იმედგაცრუება. მან დაგვყო, გაგვაბრაზა, ერთმანეთის წინააღმდეგ განგვაწყო. ვიცი, რომ ქვეყანა ბრძოლისგან დაიღალა. უნდა გვახსოვდეს - ჩვენ ვეომებით ვირუსს და არა ერთმანეთს,”- აღნიშნა ბაიდენმა და ამერიკელებს მოუწოდა, უარი თქვან მადლიერების დღესასწაულთან დაკავშირებულ დიდ ოჯახურ შეკრებებზე, ატარონ პირბადეები და შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია.

ბაიდენის თქმით, შეერთებულ შტატებს ”გრძელი მძიმე ზამთარი” ელოდება, მაგრამ ბოლოდროინდელ პოზიტიურ სიახლეებს ვაქცინებთან დაკავშირებით იმედით უყურებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში დაიწყება.