თეთრი სახლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, შესაძლოა, თანამდებობები დატოვონ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციას „სრულიად უსაფუძვლო და ყალბი უწოდა.
„გასაკვირი არ არის, რომ ამ შეთხზულ სიცრუეს ენდრიუ ფაინბერგი ავრცელებს, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებაში მუშაობდა. მოუთმენლად ველოდებით მომდევნო კვირებში ამ „ანგარიშის“ გადამოწმებას, რათა The Independent-ის მორიგი სამარცხვინო მარცხი აღვნიშნოთ,“ - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გლობალური საზოგადოებრივ ურთიერთობის საკითხებში, დილან ჯონსონი სოციალურ ქსელში.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცვლილებების მიზეზი, შესაძლოა, ირანთან ომის ფონზე აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხი გახდეს.
The New York Times-თან ინტერვიუში რუბიომ უარყო ცნობები, რომ ის განიხილავს თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
„ტრამპისთვის ვადის ამოწურვამდე მუშაობა ყოველთვის იყო ჩემი გეგმა. მიყვარს ჩემი საქმე და გარდა ამისა, ყოველთვის ვიცინი, როცა ამბობენ, რომ მე სამსახურს დავტოვებ,“ – განუცხადა რუბიომ გამოცემას.
ცნობისთვის, გამოცემა The Independent-მა ამერიკულ და ბრიტანულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მოემზადოს.
ასევე CNN-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ირანთან ომის გამო, შესაძლოა, თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის საკითხს კენჭი უყაროს.