ავღანეთიდან დევნილი მოქალაქეების მიღებაზე უარს აცხადებს ავსტრია. კანცლერ სებასტიან კურცის განცხადებით, მისი მმართველობის პერიოდში „თალიბანს“ გამოქცეული ავღანელების შეფარება არ მოხდება.
„მე მკაფიოდ ვეწინააღმდეგები ნებაყოფლობით დამატებით ხალხის მიღებას და ეს ჩემი კანცლერობის განმავლობაში არ მოხდება“,- აღნიშნა კურცმა.
ავსტრიამ 2015-2016 წლების მიგრაციული კრიზისის დროს ლტოლვილთა დიდი ნაკადი შეიფარა.
ევროპის მასშტაბით, შეფარებულ ავღანელთა ოდენობით, ავსტრია გერმანიის შემდეგ, მეორე ადგილზეა.
ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.