პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში სამოქალაქო ავიაკომპანიებს ჩართავს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ავიაკომპანიები Delta და United Airlines-ი ქვეყნიდან უკვე გაყვანილ მოქალაქეებს სამხედრო ბაზებიდან დანიშნულების ადგილებამდე გადაიყვანენ. ამგვარად, შემსუბუქდება დატვირთვა ბაზებზე, რომლებზეც სამხედრო თვითმფრინავებით ქაბულის აეროპორტიდან ათასობით ადამიანი ჩაყავთ.
ევაკუაციაში კომერციული ავიაკომპანიების ჩართვა სამოქალაქო სარეზერვო საჰაერო ფლოტის (CRAF) ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 1952 წლიდან არსებობს.
ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.