საქართველოს კლინიკების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა უკონტროლოდ იზრდება.
როგორც ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ასოციაციის პრეზიდენტი ვილი პაჭკორია ავრცელებს, უნდა გამკაცრდეს კონტროლი კოვიდრეგულაციებზე კონტროლი, ასევე უნდა გაკონტროლდეს სახმელეთო საზღვრები და აეროპორტები.
,,საქართველოს კლინიკების ასოციაციის ღია მიმართვა საქართველოს მთავრობას პრობლემის არსი:
* გრძელდება ინფიცირებულთა რაოდენობის უკონტროლო ზრდა;
* გადატვირთულია კლინიკური სექტორი;
* სამედიცინო პერსონალი ფიზიკურად გადაღლილია.
* დარჩენილ რეგულაციებზე არ მიმდინარეობს ეფექტური მონიტორინგი;
* პანდემიური მდგომარების სტაბილიზაცია უტოლდება ეროვნული უსაფრთხოების საკითხს.
* ჩვენისთანა პატარა ერისთვის ყოველდღიური ლეტალობის ასეთი მაჩვენებელი კატასტროფულია;
სამოქმედო ღონისძიებები:
1) გადაუდებლად დაიწყოს 12-დან - 16 წლამდე ასაკის ბავშვთა ჩართვა იმუნიზაციის პროცესში, ადგილობრივი მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, მსგავსად აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ისრაელისა და ჩინეთისა. საქართველოში შექმნილი უმძიმესი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ნუ დავკარგავთ დროს ,,ჯანმოს,, რეკომენდაციის მოლოდინში;
2) გამკაცრდეს რეგულაციებზე კონტროლი, ამ მიზნით გადაუდებლად შეიქმნას 2-3 კაციანი რაზმები გვარდიის შემადგენლობიდან, რომლებიც განახორციელებენ რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრ კონტროლს, როგორც საკურორტო ზონებში, აგრეთვე დიდ ქალაქებში, ცენტრალურ ქუჩებზე, გადასასვლელებზე, გაჩერებებზე, სავაჭრო ცენტრებში და სხვა საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე. ამავე დროს, გვარდიის რაზმებით პატრულირება არ მოითხოვს დამატებით ფინანსურ რესურსებს.
3) სახელმწიფოებრივი მოლაპარაკების საფუძველზე ეთხოვოს ისრაელის მთავრობას ქ.თელავივის ,,სურასკის სახელობის სამედიცინო ცენტრის" მიერ შექმნილი მედიკამენტის ,,EXO-CD24" (რომელმაც I და II კლინიკური კვლევის ეტაპზე 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა) III კლინიკური კვლევის ფაზაში საქართველოს ჩართვის შესახებ, ამით გადავარჩენთ უმძიმესი პაციენტების სიცოცხლეს;
4) კლინიკურმა საბჭომ, ერთობლივად, ჩვენი უცხოელი თანამემამულე - ექიმების აქტიური ჩართულობით, მოახდინოს კლინიკური მართვის პროტოკოლის განახლება და ოპტიმიზაცია;
5) აეროპორტებში და სახმელეთო საზღვრებზე დაუყოვნებლივ გამკაცრდეს კოვიდრეგულაციები.
6) სასურველია 10 სექტემბრამდე (ორი კვირა) საზოგადოებასთან ყველა სახის შეხვედრები ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში.
მისასალმებელია, ის ფაქტი, რომ ,,საკოორდინაციო საბჭომ,, გაითვალისწინა ჩვენი ასოციაციის რეკომენდაცია საველე ჰოსპიტლების მოწყობის თაობაზე და პანდემიასთან ბრძოლის პროცესებში სამხედრო სამედიცინო სამსახურის აქტიურად ჩართვის შესახებ, ვიმედოვნებთ, რომ საბჭო წინამდებარე რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებს", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, 5 200 გამოჯანმრთელდა, ხოლო 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში 17 670 აცრა ჩატარდა. სულ ჩატარებულია 979 813 აცრა.
ამ ეტაპისთვის საქართველოში ერთი დოზით აცრილია 685 448 ადამიანი, ხოლო სრულადვაქცინირებულთა რაოდენობა 294 365 შეადგენს.