პაატა იმნაძე: პიკი უკან დაიხევს, მაგრამ კლება იქნება ძალიან ხანგრძლივი და მცირე

"ყოველი 1000 ადამიანიდან, ვინც ავად გახდება, 10-დან 13-მდე დაიღუპება. ეს ძალიან ბევრჯერ მითქვამს, ამიტომ რაღაც ზედმეტსახელებს მარქმევენ ხოლმე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, კახეთში არსებული ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდეს.

"მოგეხსენებათ, რთველი იწყება, შესაბამისად, ექიმებს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ იმისათვის, რომ ადგილობრივმა ჯანდაცვის სისტემამ გაუძლოს იმ დატვირთვას, რომელიც ახლო მომავალში იქნება მოსალოდნელი. სამწუხაროდ, კახეთი ვაქცინაციის კუთხით მაღალი აქტივობით არ გამოირჩევა, მაგრამ კახელების სიბრძნის იმედი მაქვს და ვიცი, რომ ისინი ვაქცინაციის კამპანიაში აქტიურად ჩაერთვებიან.

ლოკდაუნის საკითხი არ განიხილება, განიხილება ის, რომ გამკაცრდეს არსებული რეგულაციები და დაემატოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე არ მოახდენს დამღუპველ ზეგავლენას. ყოველი 1 000 ადამიანიდან, ვინც ავად გახდება, 10-13 დაიღუპება.

პიკი უკან დაიხევს, თუმცა, სამწუხაროდ, ისევ ძალიან მაღალი ციფრები იქნება. შეიძლება მაჩვენებლებმა აღარ მოიმატოს, მაგრამ კლება იქნება ძალიან ხანგრძლივი და მცირე", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 60.