ჩვენ ახლა ვართ დღიურად, საშუალოდ, 25 000 აცრაზე, რაც არ არის საკმარისი ტემპი მიმდინარე ეპიდემიის გარდატეხისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გაბუნია აღნიშნავს, დღეში კორონავირუსის საწინააღმდეგო 35-40 ათასი აცრა უნდა ჩატარდეს, რათა საზოგადოებაში იმუნური ფენა სწრაფად შეიქმნას.
„ჩვენ ახლა ვართ დღიურად, საშუალოდ, 25 000 აცრაზე, რაც არ არის საკმარისი ტემპი მიმდინარე ეპიდემიის გარდატეხისთვის. ჩვენი მიზანია 35-40 ათასი აცრა შესრულდეს დღის განმავლობაში, იმისთვის, რომ ვაქცინაციის ფონზე იმუნური ფენა შეიქმნას უფრო სწრაფად. ამისთვის რეზერვი გვაქვს, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლებში“,- აღნიშნავს გაბუნია.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, 5 200 გამოჯანმრთელდა, ხოლო 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში 17 670 აცრა ჩატარდა. სულ ჩატარებულია 979 813 აცრა.
ამ ეტაპისთვის საქართველოში ერთი დოზით აცრილია 685 448 ადამიანი, ხოლო სრულადვაქცინირებულთა რაოდენობა 294 365 შეადგენს.