ისრაელში, 12 წლის და უფროსი ასაკის მოსწავლეებს სკოლაში, გაკვეთილების დროს აცრიან

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ისრაელში სასწავლო წელი პირველ სექტემბერს დაიწყება. 12 წლის და უფროსი ასაკის მოსწავლეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სკოლაში, გაკვეთილების დროს გაუკეთდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას TimeofIsrael-ი ავრცელებს.

ვაქცინაცია მოსწავლეების მშობლების თანხმობის საფუძველზე უნდა ჩატარდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის განათლების მინისტრი ამ გეგმის წინააღმდეგი იყო, მაგრამ მოგვიანებით დაეთანხმა, რათა თავიდან აეცილებინა სასწავლო წლის დაწყების გადადება.

ზოგიერთი ოფიციალური პირი სასწავლო წლის დაწყების ერთი თვით გადადებას ითხოვდა, რადგან "დელტას" ვარიანტის გავრცელებამ შემთხვევების მატება გამოიწვია.

ამასთან, სკოლის მასწავლებლებისა და სხვა პერსონალისთვის ე.წ. მწვანე საშვების სისტემა ამოქმედდება. სასწავლო დაწესებულებაში მუშაობას ისინი მხოლოდ ვაქცინაციის სერტიფიკატის ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებენ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა კვირას საღამოს.გასული კვირის განმავლობაში, ისრაელში კორონავირუსით 198 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი დაიღუპა მხოლოდ შაბათ -კვირას.