რუხის საავადმყოფოში, თითქმის ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 22 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრები იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
"პაციენტი შემოყვანილი იყო ოკუპირებული ტერიტორიიდან. მას ჰქონდა ქრონიკული დაავადებები, რაც იწვევდა მის სიმძიმეს. კოვიდინფიცირებული იყო, ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა ჩვენთან რეანიმაციულ განყოფილებაში. თავიდანვე, შემოსვლისთანავე მძიმე იყო მისი მდგომარეობა, დადასტურებიდან მალევე გადმოიყვანეს", - აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე ცნობით, რუხის კლინიკაში, ამ დროისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილი 20-მდე პაციენტი მკურნალობს.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 2 354 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 60.