"ლელომ" თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე წარადგინა

პარტია "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე წარადგინა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ბიბილაშვილს კონკრეტული ხედვა აქვს, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში არსებული პრობლემები აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული იქნება.

"ჩვენ მინდა შემოგთავაზოთ, წარმატებული ქალი, წარმატებული დედა, პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, პროფესორი - ანა ბიბილაშვილი. რომელსაც კონკრეტული ხედვა აქვს, დამფუძნებელი „ლელოსი“ და აქვს ხედვა, რომ ქალაქის პრობლემები აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული იყოს", - განაცხადა ხაზარაძემ.

თბილისის საკრებულოს სიის პირველი ნომერი პარტიიდან ბადრი ჯაფარიძე იქნება.

"მე მინდა წარმოგიდგინოთ, პარტიის საკრებულოს სიის პირველი ნომერი. ის არის, ჩემი თანამებრძოლი, მეგობარი - ბადრი ჯაფარიძე. ის გაუძღვება ქალაქში საკრებულოს სიას და ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ვიბრძოლებთ", - აღნიშნა ხაზარაძემ.