"სამწუხაროდ, გაყალბებულ PCR ტესტებთან მიმართებით, ჯანდაცვის სამინისტრო კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უცხოეთიდან შემოსული ტურისტების შესაძლო გაყალბებულ PCR ტესტსა და კოვიდ პასპორტებზე საუბრისას განაცხადა.
"მსგავსი ფაქტების გამოძიებით დაკავებული არიან სხვა უწყებები, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან მსგავსი ფაქტების გამოვლინებაში, შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება მათ კომპეტენციაშია", - განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი დოკუმენტაციის გაყალბების ერთეული შემთხვევები ნამდვილად დაფიქსირდა და ამ დროისთვის მათი შესწავლა მიმდინარეობს.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც.
"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოვიდ პასპორტების გაყალბება შესაძლოა ხდებოდეს, ჩვენამდეც მოვიდა, ამიტომაც ერთი დამატებითი ტესტის მექანიზმი გვაქვს", - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ქვეყანაში შემოსული ვიზიტორი 72 საათის შემდეგ ვალდებულია, PCR ტესტი საქართველოშიც ჩაიტაროს.
"ასევე, ჩვენთვის ამ პრობლემის უფრო გრძელვადიანი და მყარი გადაწყვეტა ევროკავშირის ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირება იქნება. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და ეს საკითხიც მალე გადაწყდება. ეს მნიშვნელოვანი იქნება, როგორც უცხოეთიდან შემოსული პირების, ასევე საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში მოგზაურობის დროს ჩვენთან გაცემული სერტიფიკატების აღიარებისთვის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.