კლინიკა „გული“ 10 დეკემბრამდე დაიხურა. როგორც კლინიკის დირექტორმა, ანზორ მელიამ განაცხადა, დაინფიცირებულია კლინიკის 60-მდე თანამშრომელი, მათ შორის ექთნები და ექიმები.
როგორც მელია ამბობს, 60-მდე ინფიცირებულიდან უმრავლესობა წამყვანი ექიმია და მათ შორის თავადაც არის, რის გამოც იძულებული გახდნენ, კლინიკა დაეხურათ.
„ყველანი კარგად ვართ, მძიმე ფორმაში არც ერთს არ გვაქვს ვირუსი, ამიტომ იზოლაციაში ვართ და სახლებში ვმკურნალობთ. გავრცელებას რაც შეეხება, ორ ეტაპად მოხდა ეს - მძიმე ავადმყოფებს ვიღებდით მხოლოდ და ნაწილს აღმოაჩნდა ფილტვების ანთება, როცა დავაწვინეთ, ხოლო ტესტის აღების შემდეგ დაუდგინდათ კორონავირუსი. სხვა სპეციალიზებულ კლინიკებში ადგილები არ იყო, ამიტომ იძულებული ვიყავით 2-3 დღე ეს პაციენტები ჩვენთან გვყოლოდა. ამ დროში ახალი პაციენტები შემოდიოდნენ და იძულებული ვიყავით, თვითონ განყოფილება დაგვეხურა 10 დღის წინ. დავტოვეთ მხოლოდ ემერჯენსი და ინტენსიური. ამის შემდეგ კვლავ ვიღებდით გულის ინფარქტიან პაციენტებს, რომელთაგან რამდენიმეს ვირუსი აღმოაჩნდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ფაქტობრვად ყველა წამყვანი ექიმი დაინფიცირდა“, - განახადა ანზორ მელიამ.
კლინიკას სულ 200 თანამშრომელი ჰყავს.