უკრაინული საევაკუაციო თვითმფრინავი დაუდგენელმა პირებმა ქაბულიდან ირანის მიმართულებით გაიტაცეს - მედია

ქაბულის აეროპორტში უცნობმა პირებმა გაიტაცეს თვითმფრინავი, რომელსაც ავღანეთიდან უკრაინის მოქალაქეები უნდა გადაეყვანა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ენინმა განაცხადა.

„უკრაინის მოქალაქეების ნაცვლად, ამ თვითმფრინავით უცნობი პირები ირანში გაფრინდნენ. ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია კიდევ სამჯერ ვცადეთ, თუმცა მათ აეროპორტის ტერიტორიაზე მოხვედრა ვერ შეძლეს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ავღანეთში უკრაინის 50 მოქალაქე რჩება, მანამდე ქვეყანამ სამი რეისი შეასრულა ევაკუაციისთვის.

„თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.