ზესტაფონსა და დუშეთის მუნიციპალიტეტში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრები გაიხსნა

ქუთაისის შემდეგ, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრები, ზესტაფონსა და დუშეთის მუნიციპალიტეტშიც გაიხსნა.

ზესტაფონში იმუნიზაციის ცენტრი სასკოლო სივრცეში მოეწყო, სადაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ, რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა.

იმუნიზაციის ცენტრში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები დღიურად 500-მდე ადამიანს აცრიან. მოქალაქეების ვაქცინაცია კი შესაძლებელია Pfizer-ის, Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინებით. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეების მასობრივი იმუნიზაციის ცენტრამდე მისვლას ზესტაფონის მერია ტრანსპორტით უზრუნველყოფს.

4 ამცრელი ამბულატორია დაემატა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს დუშეთის მუნიციპალიტეტშიც, კერძოდ, ანანურში, ჟინვალში, ბაზალეთსა და მჭადიჯვარში.

ამ შემთხვევაშიც მოქალაქეებს ვაქცინაცია ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ჩინური წარმოების ვაქცინებით Sinopharm-ითა და Sinovac-ით შეუძლიათ.

როგორც ცნობილია, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში არსებული 11 ამცრელი ამბულატორია ჯამში მხარის 97 სოფელს ემსახურება.