ევროკავშირი ავღანეთსა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ავღანელებისთვის გამიზნული ჰუმანიტარული დახმარების მოცულობას 50 მილიონიდან 200 მილიონამდე გაზრდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter- ზე დაწერა.
მისი თქმით, ეს ჰუმანიტარული დახმარება დაემატება ავღანეთის ხალხის დასახმარებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების წვლილს.
ევროკავშირის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად დიდი შვიდეულის სამიტის დასრულების შემდეგ გამოცხადდება.
ცნობისთვის, "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერები დღეს ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ და ავღანეთის საკითხზე იმსჯელებენ.
შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, ყურადღება გამახვილდება ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესზე და ასევე ავღანეთის მომავალზე.