ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს კლინიკებში არის 7400 პაციენტი. მათი დიდი ნაწილი, დაახლოებით 70% ჟანგბადდამოკიდებულია. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
თამარ გაბუნიას განცხადებით, კლინიკებთან აქტიურად მუშაობს როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ისე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რათა ჟანგბადის მოწოდება სხვადასხვა ქვეყნიდან მოხდეს.
„მთელი ეს პერიოდი კლინიკებთან აქტიურად მუშაობს, როგორც ეკონომიკის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ ჟანგბადის დამატებითი მარაგების მობილიზება მოხდეს სხვადასხვა ქვეყნიდან - აზერბაიჯანი და თურქეთი გვეხმარება.
ასევე, რამდენიმე კლინიკამ ავტონომიური ქარხანა დაიმატა და ამ მიმართულებით სრულიად დამოუკიდებლად მუშაობენ. კლინიკებს ყოველთვის ვაფრთხილებთ, ისე არ მოხდეს, რომ ჟანგბადის წყარო იყოს გახსნილი და ის ტყუილად იკარგებოდეს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც გვქონდა.
საგანგაშო ვითარება ნამდვილად არ არის. რამდენიმე წყაროდან ვიღებთ ჟანგბადს, რათა გადაზღვევა მოხდეს და ერთი წყაროს დაკარგვის შემთხვევაში, დეფიციტი არ შეიქმნას. ბუნებრივია, ამის მნიშვნელობა ყველას ესმის და ძალები მაქსიმალურად არის მობილიზებული, რათა კლინიკებს ეს პრობლება არ შეექმნათ. იმისთვის, რომ ჟანგბადის მიწოდება უზრუნველყოფილ იქნას, მუშაობის რეჟიმი საკმაოდ დატვირთულია", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.