ტურისტული კომპანიები, სადაც დასაქმებულების 60% იქნება სრულად ვაქცინირებული, ტურისტულ გამოფენებზე 30%-იან ფასდაკლებით ისარგებლებენ, ხოლო ის კომპანია, რომლის თანამშრომლების 80% იქნება სრულად აცრილი - 50%-ით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით, სტიმულირების პაკეტი შემუშავდა.
„ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ტურის დროს, როდესაც ჩვენ ვმასპინძლობთ სტუმრებს, ავარჩიოთ ისეთი სასტუმროები, კვების ობიექტები თუ სხვა სერვისის მომწოდებლები, რომელთა თანამშრომლების მინიმუმ 60% იქნება ვაქცინირებული“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
ამასთან, ყველა გიდი, რომელიც ორჯერადად ვაქცინირებული იქნება, უსასყიდლოდ ისარგებლებს სახელმწიფო სერვისებით - მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და საბაგირეობზე შესვლა იქნება უფასო
„უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ დარგში დასაქმებულების უმეტესობა იყოს ვაქცინირებული. სწორედ ამიტომ ჩვენ რამდენიმე მიმართულებით დავყავით სტიმულირების პაკეტის პროექტი. პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ყველა გიდი, რომელიც სრული ორი დოზით იქნება ვაქცინირებული, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში ისარგებლებს სახელმწიფო სერვისებით, მათ შორის, ისეთით როგორიც არის მუზეუმი, დაცული ტერიტორიები, ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროებით სრულიად უსასყიდლოდ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა გიდს, რომელსაც აქვს სრული ვაქცინაცია ჩატარებული, ისინი ამ ობიექტებზე შევლენ სრულიად უსასყიდლოდ“, - განაცხადა მარიამ ქვრიშვილმა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5924 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 010 096-მა ადამიანმა გაიკეთა.
როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში, საქართველოში ვაქცინა 30 067-მა ადამიანმა გაიკეთა, რაც დღიური რეკორდული მაჩვენებელია.