ამირან გამყრელიძე მორიგ შეზღუდვებს აანონსებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მორიგ შეზღუდვებს აანონსებს და აცხადებს, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგე განაცხადა.

„სიტყვა „საკმარისი“ ყოველთვის არის შეფარდებითი. ალბათ, საჭირო გახდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება. დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა იყო მსჯელობა სხვა საკითხებზეც და არაა გამორიცხული, რომ ხვალ, ზეგ ან მაზეგ სხვა რეგულაციები დაწესდეს.

მთავარია, რომ დავიცვათ მოქმედი რეგულაციები და ვატაროთ პირბადე. 50%-ზე არის დასული პირბადის ტარება. ყველაზე ძლიერი რეგულაცია არის პირბადე. ყველამ ვატაროთ პირბადე და წავიდეთ აცრაზე. გუშინ 30 ათასზე მეტი აცრა იყო, რაც კარგია. თუ ასეთი მაჩვენებელი აგვისტოს ბოლომდე ყოველდღე შევინარჩუნეთ და შემდეგ სექტემბერში გავზარდეთ, ეს იქნება ძალიან კარგი. ჩემი პროგნოზია, რომ აგვისტოს ბოლოსთვის სადღაც 650-700 ათასი აცრა უნდა გვქონდეს გაკეთებული. დღეს შესრულდა მილიონი აცრა, საიდანაც 300 ათასი ადამიანი უკვე ორჯერ არის აცრილი. თუ სექტემბერში მილიონ აცრამდე ავალთ, სერიოზულად შევაკავებთ ეპიდემიას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5924 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

ამირან გამყრელიძე: გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ინსულტს და სიმსივნეს კოვიდით სიკვდილიანობამ გადაასწრო