ნორვეგიის საგარეო უწყება: ქაბულიდან მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე საქართველოსთან შესანიშნავ თანამშრომლობას ვაფასებთ

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ მხარესთან თანამშრომლობით, ქაბულიდან თბილისის გავლით, ოსლოს აეროპორტში დღეს დილით დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ავღანეთიდან ადამიანები ჩაიყვანა.

,,დღეს დილით კიდევ ერთი თვითმფრინავი დაეშვა ოსლოს აეროპორტში, სადაც იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებსაც დახმარება გაუწიეს ქაბულიდან თბილისის გავლით. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლებასთან შესანიშნავ თანამშრომლობას ", - წერია უწყების მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

ქართულ მხარეს დახმარებისთვის მადლობას უხდის, საქართველოში ნორვეგიის ელჩი ჰელენა სანდ ანდერსენი.

,,დიდი მადლობა საქართველო", - წერს Twitter-ზე ელჩი.

ცნობისთვის, „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.