კვლევა: სრულად ვაქცინირებულებთან შედარებით, აუცრელი მოქალაქეების ჰოსპიტალიზაციის შანსი 29-ჯერ მეტია

სრულად ვაქცინირებულებთან შედარებით, აუცრელ ადამიანებს ჰოსპიტალიზაციის შანსი 29-ჯერ უფრო მეტი აქვთ. აღნიშნულს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) კვლევა ცხადყოფს.

ახალმა კვლევამ ასევე დაადგინა, რომ აუცრელ ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირების შანსი თითქმის ხუთჯერ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ვაქცინირებულ ადამიანებს.

„ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ავტორიზებული ვაქცინები SARS-CoV-2-ის ინფექციისა და მძიმე დაავადებისგან დაცვას უზრუნველყოფდნენ იმ პერიოდში, როდესაც „დელტა“ ვარიანტის გადაცემა იზრდებოდა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

CDC-ის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა, რომ მონაცემები ცხადყოფს, რომ „თუ ჯერ აცრილი არ ხართ, თქვენ იმ პირებს შორის ხართ, ვინც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არის“.