დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სექტემბერში სავარაუდოდ საქართველოში Johnson & Johnson-ის 50 000 დოზა ვაქცინა შემოვა.
როგორც გამყრელიძემ ,,ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, ახალი ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ გერმანიის მთავრობის დახმარებით შემოვა.
NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, თუ ქვეყანა სექტემბერში მილიონ დოზა ვაქცინას გააკეთებს ანუ 500 000 ადამიანს აცრის, მაშინ პანდემიას სერიოზულად გადატეხავს წელში.
,,ჩემი გათვლებით, აგვისტოში ჩვენ დავხარჯავთ ნახევარ მილიონ დოზა Pfizer-ს ანუ მილიონი დოზით შევხვდებით სექტემბერს. აქედან 300 000 იქნება მეორე დოზებისთვის და 350 ათასი ადამიანი დამატებით შეგვიძლია ავცრათ სექტემბერში. თუ მილიონ დოზას გავაკეთებთ სექტემბერში, ჩვენ სექტემბრის ბოლოს სერიოზულად გადავტეხავთ წელში პანდემიას"- აცხადებს გამყრელიძე.
რაც შეეხება ბუსტერ დოზის გამოყენებას, რომელიც აქტიურად განიხილება ბევრ ქვეყანაში, გამყრელიძე აცხადებს, რომ როგორც გრიპის დროს, ამ შემთხვევაშიც სავარაუდოდ საჭირო გახდება ბუსტერ დოზის გამოყენება, თუმცა რა პერიოდულობით, იქნება ეს ყოველწლიურად, 2 თუ 3 წელიწადში "ამას ცხოვრება გვიჩვენებს".
ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით მიმდინარეობს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5924 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 010 096-მა ადამიანმა გაიკეთა.
როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში, საქართველოში ვაქცინა 30 067-მა ადამიანმა გაიკეთა, რაც დღიური რეკორდული მაჩვენებელია.