ჯანმოს წარმომადგენელი: აცრა შესაძლებელია, როგორც კი კორონავირუსისგან სრულად განიკურნებით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი სუმია სვამინათი აცხადებს, რომ ჯანმო იძლევა რეკომენდაციას, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები მაშინვე აიცრან, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ.

მისივე თქმით, ვაქცინა იმუნური სისტემის გამაძლიერებლის როლს ასრულებს.

„კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანები იმუნიტეტს იძენენ, თუმცა ეს იმუნური პასუხი განსხვავდება სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში და დამოკიდებულია იმაზე, მსუბუქი ფორმით იყავით დაინფიცირებული თუ მძიმე ფორმით. ბევრი კვლევის შედეგად ვიცით, რომ მსუბუქად, უსიმპტომოდ დაინფიცირების შემთხვევაში, ბევრ ადამიანს ანტისხეულების ძალიან დაბალი დონე შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ ჩვენ რეკომენდაციას ვიძლევით, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც შესაძლებლობა მოგეცემათ, აიცრათ, ვინაიდან ამ შემთხვევაში ვაქცინა იმუნური სისტემის გამაძლიერებლის როლს ასრულებს.

შეგიძლიათ აიცრათ მაშინვე, როგორც კი კორონავირუსისგან სრულად განიკურნებით. არ უნდა გქონდეთ არანაირი სიმპტომი და თავს უნდა გრძნობდეთ ძალიან კარგად, როდესაც იცრებით,“- აღნიშნა სვამინათმა.

მისივე თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში მოქალაქეებს ურჩევენ, კორონავირუსის გადატანის შემდეგ 3-6 თვით დაიცადონ, ვინაიდან დაინფიცირების შემდეგ წარმოქმნილი ბუნებრივი ანტისხეულები ადამიანს სულ მცირე აღნიშნული პერიოდის განმავლობაში იცავს, ზოგ შემთხვევაში კი ქვეყნები ამას იმის გამო აკეთებენ, რომ ვაქცინის დეფიციტი აქვთ.

„არსებობს განსხვავება ქვეყნების მიხედვით, ზოგიერთი ქვეყანა იძლევა რეკომენდაციას, რომ ადამიანები დაინფიცირების შედეგ 3 ან 6 თვის შემდეგ აიცრან. ეს იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ ბუნებრივი ანტისხეულები, რომელიც სულ მცირე ამ პერიოდის განმავლობაში დაგიცავთ და იმიტომაც, რომ ბევრ ქვეყანაში არსებობს ვაქცინების დეფიციტი და იმ ადამიანებს, რომლებსაც დაავადება გადატანილი აქვთ, სთხოვენ, 3 ან 6 თვის შემდეგ აიცრან. თუმცა სამეცნიერო და ბიოლოგიური თვალსაზრისით, აცრა შეგიძლიათ კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელებისთანავე,“- აღნიშნა ჯანმოს მეცნიერმა.

მისივე თქმით, ჯანმოს მიერ დამტკიცებული ყველა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ხელს უშლის დაავადების მძიმე მიმდინარეობას და ჰოსპიტალიზაციას.

სვამინათი ამბობს, რომ მიუხედავად ვაქცინისა, აუცილებელია პირადი სიფრთხილის ზომების მიღება: ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების დაბანა.

,,ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც ჯანმომ დაამტკიცა გადაუდებელი გამოყენებისთვის, ხელს უშლის დაავადების მძიმე მიმდინარეობას და ჰოსპიტალიზაციას ვირუსის ყველა არსებული ვარიანტის მიმდინარეობის დროს. თუმცა, ჩვენ მაინც გვჯერა, რომ პირადი სიფრთხილის ზომები, როგორიცაა ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების ჰიგიენის დაცვა და ხალხმრავალი და დახურული ადგილებში შეკრებების თავიდან აცილება აუცილებელია, ისევე, როგორც სხვა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური ზომები, რომლებიც მთავრობებმა მიიღეს. აუცილებელია ამ რეკომენდაციების დაცვა, რადგან მსოფლიოში საკმარისად არ არის აცრილი ადამიანები", - განაცხადა სვამინათმა.