მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, თუმცა სამივე მათგანი პატიმრობიდან თავისუფლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში სამივე ბრალდებული - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პატიმრობის ვადა დღეს იწურება. შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამივე მათგანი დღესვე გათავისუფლდება.

ტელეკომპანია ,,ფორმულა"-ს წამყვანი ვახო სანაია სამარცხვინოს უწოდებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, სრულად გამართლდა. ივლისში შეეძლოთ გადაწყვეტილების გამოცხადება და აგვისტოს ბოლომდე სპეციალურად გაწელეს, იმიტომ, რომ 25 -ში 6 თვე შესრულებულიყო. მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაათავისუფლა. სამარცხვინო სასამართლო გვყავს. მოსამართლემ სპეციალურად აქამდე მიიყვანა ჟურნალისტზე თავდასხმის, ჩემს ოჯახზე თავდასხმის საქმე. ეს ქმნის ამ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს და ამან მოიტანა 5 ივლისი, ჩვენი კოლეგის მკვლელობა. მოსამართლემ დღეს რომ გამოუშვა ეს ადამიანები, იქნება იმის მაგალითი და გადამდები სხვებისვის, რაც ამ ქვეყნაში ხდება - დაუსჯელობის სინდრომი“,- განაცხადა ვახო სანაიამ სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.