დისკრიმინაციულია თუ არა ვაქცინაციის საბუთის ვალდებულება შრომით ურთიერთობებში, მომსახურების სფეროსა და ჯანდაცვის, განათლების სფეროში, საჯარო სამსახურში და სხვა, ამ თემაზე სახალხო დამცველმა ბრიფინგი გამართა.
სახალხო დამცველმა ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო გამოცდილების შესწავლის საფუძველზე აღნიშნა, რომ კოვიდვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის ვალდებულება არ არის დისკრიმინაცია ან უფლების შემლახავი პრაქტიკა.
ვინაიდან დამსაქმებლის ვალდებულებაა, უზრუნველყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გარკვეული შემზღუდავი თუ წამახალისებელი ღონისძიებები ვაქცინირებულებისა და არავაქცინირებულებისთვის არ იქნება დისკრიმინაციული მათ სათანადო დასაბუთების პირობებში.
„შესაბამისად, დამსაქმებლებს და მომსახურების გამწევ პირებს უფლება აქვთ, დასაქმებულს მოსთხოვონ სრული ვაქცინაციის დოკუმენტი, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის სისტემატურად წარდგენა“, - აღნიშნა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, ეს წესები უნდა ითვალისწინებდეს გამონაკლისებსაც, მაგალითად, როდესაც პირი წარადგენს სამედიცინო ცნობას ვაქცინაციის მიზანშეუწონლობის თაობაზე.
„ასევე, დისკრიმინაციულ პრაქტიკად არ არის აღიარებული ისეთი რეგულაციები, რომლის თანახმადაც განსაზღვრულ საჯარო ადგილებში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის, ხოლო არავაქცინირებულებისთვის ტესტის უარყოფითი პასუხია სავალდებულო. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, ამ საჯარო სივრცეში უშვებენ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ბოლო პერიოდში კორონავირუსი გადაიტანეს და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
შესაბამისად, საერთაშორისო პრაქტიკით, ვაქცინაციის ჩატარების დავალდებულება მართალია, გამოიწვევს პირის ინდივიდუალურ უფლებებში ჩარევას, თუმცა ასეთი ჩარევა გამართლებულია მაშინ, როდესაც ის ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, საზოგადოების, ჯანდაცვის და ადამიანის სიცოცხლის დაცვას. შექმნილი ვითარებიდა გამომდინარე, ვაქცინა უნდა განიმარტოს არამხოლოდ როგორც ინდივიდუალური უფლება, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მანვე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატი რეგისტრაციის საკითხში დახმარებას განაგრძობს.