ყაზახეთში არავაქცინირებულებს შაბათ-კვირას რესტორნებში, კაფე-ბარებსა და სავაჭრო ცენტრებში არ შეუშვებენ

ყაზახეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, არავაქცინირებულებს შაბათ-კვირას რესტორნებში, კაფე-ბარებსა და სავაჭრო ცენტრებში არ შეუშვებენ.

მთავრობამ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მიიღო.

ადამიანებმა, რომლებსაც შაბათ-კვირას სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებსა და კაფე-ბარებში შესვლა სურთ, უნდა წარადგინონ ე.წ "მწვანე" სტატუსი მობილურ აპლიკაციაში, რაც დაამტკიცებს, რომ მათ გაკეთებული აქვთ კოვიდვაქცინა, ან ბოლო 3 თვის განმავლობაში უკვე გადაიტანეს კორონავირუსი, ან დასჭირდებათ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

შეზღუდვა შაბათიდან, 28 აგვისტოდან ამოქმედდება.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყების დღიდან ყაზახეთში კორონავირუსის 823 189 შემთხვევა დადასტურდა, 8 643 პაციენტი გარდაიცვალა.

სრულადვაქცინირებულია 5.1 მილიონი ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი.