შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუსთავში, 80 წლამდე კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 24 წლის გოგო, 1997 წელს დაბადებული დ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, საყოფაცხოვრებო თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თავის მეზობელს - 1942 წელს დაბადებულ ა.პ.-ს, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე - რუსთავში დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.