აშშ, გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია მოქალაქეებს მოუწოდებენ, უსაფრთხოების მიზნით, ქაბულის აეროპორტი დატოვონ

ზოგიერთი ქვეყანა აცხადებს, რომ ქაბულის აეროპორტში ტერორისტული თავდასხმის მაღალი საფრთხე არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ავსტრალიამ, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა გამოაქვეყნეს თავიანთ მოქალაქეებისთვის გაფრთხილებები. ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, ქაბულის აეროპორტის ტერიტორია დაუყოვნებლივ დატოვონ და იქ მისვლისგან თავი შეიკავონ.

როგორც BBC წერს, ქვეყნები ჩქარობენ, 31 აგვისტომდე მოასწრონ ხალხის ევაკუაციას. თუმცა, ათასობით ადამიანი კვლავ რჩებააეროპორტში იმ იმედით, რომ ქვეყნიდან გაფრინდებიან.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარიზ პეინმა განაცხადა: "არსებობს ტერორისტული თავდასხმის მიმდინარე და ძალიან მაღალი საფრთხე".

შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტმა ქაბულის აეროპორტსა და მის შესასვლელთან მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ დატოვონ“ ტერიტორია.

მსგავსი რეკომენდაცია გასცა გაერთიანებულმა სამეფომაც და მოქალაქეებს მოუწოდა, "გადავიდნენ უსაფრთხო ადგილას და დაელოდონ შემდგომ რჩევას".

აღსანიშნავია, რომ არცერთ ქვეყანას არ დაუკონკრეტებიათ, რა საფრთხე ემუქრება ქაბულის აეროპორტს.

"თალიბანის" მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც "თალიბანის" მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.