24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შეზღუდვების მოხსნა, სერიოზული რისკია - ბიძინა კულუმბეგოვი

არასაჭირო აქტივობებისგან თავი უნდა შევიკავოთ, ახლა სადღესასწაულო დღეებია და სახლიდან, „სკაიპით“ უნდა მივულოცოთ ერთმანეთს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, საქართველო ახლა მაქსიმალურ ზღვარზეა და შეუძლებელია მეტს გაუძლოს მორალურად, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის კუთხით.

„როდესაც სამმილიონნახევრიან ქვეყანაში არის ყველაზე მეტი გავრცელება დაავდების გავრცელების, 1000-ზე მეტი ადამიანი უკვე გარდაგვეცვალა და ყოველდღე გარდაცვალების მაჩვენებელი 30-40-ს შორისაა, ეს არის ამ ქვეყნისთვის მაქსიმალური ზღვარი, როცა შეუძლებელია მეტი ჩვენმა ქვეყანამ მორალურად, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის კუთხით გაუძლოს. მე მეტ შესაძლებლობას ქვეყანაში ვერ ვხედავ. ღმერთმაც ქნას ამ შეზღუდვებმა გაამართლოს. მოსახლეობამ უნდა ვირწმუნოთ, რომ ეს არ არის საკმარისი, არასაჭირო აქტივობებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ახლა სადღესასწაულო დღეებია და სახლიდან, „სკაიპით“ უნდა მივულოცოთ ერთმანეთს და ნათესავებს. შესაბამისად, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შემზღუდავი ღონისძიებები იყოს უფრო მეტად ეფექტური და 2-4 კვირაში 2000-2500 შემთხვევაზე ჩამოვიდეთ. ესეც სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამას გაწვდება ჯანდაცვის სისტემა. მე მეგონა ამასაც ვერ გაუმკლავდებოდა ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ ტრაგედია არ არის. ვაივაგლახით ვუმკლავდებით ჩვენ ექიმები და ჯანდაცვის სისტემა“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, სერიოზული რისკია, რომ შეზღუდვები რამდენიმე დღით 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მოიხსნას.

„ამაზე იყო ბიზნესსექტორთან შეხვედრაზე საუბარი. ჯერ ადამიანებს არ უნდა ჩავაშხამოთ ახალი წლის დღეები და მეორეც, მთელი თვის გაყიდვების 50% ამ დღეებზე მოდის. ამ ტიპის შეზღუდვები მსოფლიომ არ იცის, კი იქნება კონტექსტიდან ამოვარდნილი, მაგრამ გვესმის, რომ ესეც მოცემულობაა. ალბათ, შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, მაგრამ არის ესეც კომპენსაცია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან, დამსაქმებელმა ხელფასი მისცენ. კომპრომისია სერიოზული, ბეწვის ხიდი, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ საზოგადოება არ დაზარალდეს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.