საბერძნეთი არავაქცინირებულებისთვის მკაცრ რეგულაციებს აწესებს

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას Apnews-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ახალი შეზღუდვები 13 სექტემბრიდან ამოქმედდება და ძალაში იქნება 2022 წლის 13 მარტამდე.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველა არავაქცინირებულ თანამშრომელს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, უნდა ჩაუტარდეს კოვიდტესტი კვირაში ერთხელ საკუთარი ხარჯებით, ან ვალდებულნი არიან, წარმოადგინონ უკანასკნელ 6 თვეში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

ტურიზმის და კვების სფეროს კომპანიებს დასჭირდებათ კვირაში ორჯერ სწრაფი ტესტის ჩატარება. ეს რეგულაცია ვრცელდება სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზეც.

სწრაფი ტესტების ღირებულება 10 ევრო, ხოლო სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის კოვიდტესტი უფასო იქნება.

ასევე აუცილებელია პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში და გარეთ, ხალხმრავალ ადგილებში.

აუცრელებს კინოთეატრებში, მუზეუმებში, თეატრებსა და სპორტულ დარბაზებში შესვლა მხოლოდ 48 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ტესტის საფუძველზე შეეძლებათ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, საბერძნეთში შესვლისას სპეციალური სამგზავრო დოკუმენტი უნდა შეავსონ.