პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ყოფილ თანაგუნდელს, გიორგი გახარიას მოღალატე უწოდა.
"ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე და მეტსაც ვიტყვი, გახარია არის იშვიათი მოღალატე, მაზაკვალი მოღალატე, ამას კარგად გამიგებენ მეგრელები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში, ჟურნალისტებს, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისი მმართველობის დროს ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული.
"სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ის (გიორგი გახარია) და მისი გუნდის წევრები აცხადებდნენ და მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს იგი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რაც სრული სიცრუეა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. ამის თაობაზე პარტიის დამფუძნებელმა გააკეთა განცხადება და მას დაარქვა სახელი, როგორც მოღალატე სახელმწიფოსი და ჩვენი გუნდის. ამის შემდეგ მეორე ვერსია გაავრცელა, რომ თითქოს შესაძლო კოალიციაში "ქართული ოცნება" პარტნიორად განვიხილავთ გახარიას პარტიას.
კითხვას ვუსვამ ნებისმიერ მოქალაქეს, კაცი, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებით ნდობას დაამსხვრევს, უღალატებს და ზურგში დანას ჩაარტყამს კრიზისულ, კრიტიკულ სიტუაციაში და საკუთარი გადაწყვეტილებით თავად ანგრევს ნდობას, რომელიც 8 წელი ერთად ვაშენეთ, როგორ შეიძლება, ამ ადამიანს ნდობა გამოუცხადოს როგორც მმართველმა გუნდმა, ასევე ჩვეულებრივმა ადამიანებმა.
რა თქმა უნდა, ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე და მეტსაც ვიტყვი, გახარია არის იშვიათი მოღალატე. სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე, ამას კარგად გამიგებენ მეგრელები. ჩვენ არაერთი ღალატის პრეცედენტი გვინახავს, ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი და აღარ მინდა სხვა გვარები ჩამოვთვალო. ამ შემთხვევაში მართლაც რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა, სიცხადე შემოვიტანო და ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პოზიცია, ეს არის ჩვენი გუნდის საერთო პოზიცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.