„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენის ოპერატორი კომპანია Nord Stream AG-ი საგაზო დირექტივის შესრულებისგან ვერ გათავისუფლდება. ამის შესახებ გერმანიის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. დიუსელდორფის უმაღლესმა რაიონულმა სასამართლომ უარყო Nord Stream AG- ის საჩივარი გერმანული მარეგულირებლის წინააღმდეგ და უარი თქვა ევროკავშირის დებულებიდან „ჩრდილოეთის ნაკადი-2-თან დაკავშირებული რეგულაციის ამოღებაზე.
დებულება უკრძალავს გაზის მიმწოდებელს (გაზპრომს), იყოს ერთდროულად მილსადენის მფლობელიც. მხოლოდ მისი საბადოები უკავშირდება “ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ და გარდა ამისა, არცერთ რუსულ კომპანიას არ აქვს უფლება, გაატაროს გაზი ამ მილსადენით.
სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს არ შეუშლის გაზპრომს, გაზსადენის პროექტის დასრულებაში, მაგრამ არ მისცემს შესაძლებლობას, გამოიყენოს ის სრული სიმძლავრით“, - განაცხადა დიმიტრი მარინჩენკომ, Fitch სააგენტოს ბუნებრივი რესურსებისა და სასაქონლო ჯგუფის დირექტორმა.
რუსული გიგანტის Gazprom- ის შვილობილი კომპანია, შვეიცარიაში დაფუძნებული Nord Stream AG-ი ცდილობდა, გაეპროტესტებინა გერმანული მარეგულირებლის გადაწყვეტილება, რათა ევროკავშირის ე.წ. გაზის დირექტივის მოთხოვნების შესრულებისგან გათავისუფლებულიყო.
გაზპრომი იმედოვნებდა, რომ ევროპულ კანონმდებლობაში არსებულ „ხარვეზს“ გამოიყენებდა. თავდაპირველად, არსებული მოთხოვნები არ ვრცელდებოდა ოფშორულ მილსადენებზე. 2017 წელს ევროკომისიამ შესთავაზა ამ შესაძლებლობის აღმოფხვრა, მაგრამ ცვლილებების მიღება გერმანიამ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაბლოკა.
სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა 2018 წელს საფრანგეთის ჩარევის შემდეგ, რომელმაც მიანიშნა „სტრატეგიულ პრობლემებზე“, რასაც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დამატებით გამოიწვევდა უკვე დაძაბულ ურთიერთობებში რუსეთსა და ევროკავშირს შორის.
2019 წლის აპრილში ევროპარლამენტმა ხმების აბსოლუტური უმრავლესობით (465 მომხრე, 95 წინააღმდეგი და 68 თავი შეიკავა) დაამტკიცა კანონმდებლობაში ცვლილებები და გაავრცელა „გაზის დირექტივა“ მესამე ქვეყნების ოფშორულ მილსადენებზე.
2020 წლის 10 იანვარს Nord Stream AG- მა ამ დირექტივის გაუქმება მოითხოვა, კომპანიამ მიუთითა იმ ფაქტზე, რომ პროექტი დასრულებულად უნდა ჩაითვალოს 2019 წლის მაისში, ანუ ცვლილებების ძალაში შესვლამდე. გაზპრომი ირწმუნებოდა, რომ პროექტში ინვესტიციების განხორციელება უნდა ჩაითვალოს როგორც დასრულება და არა თვითონ პროექტის განხორციელება. მაგრამ გერმანიის ფედერალურმა ქსელურმა სააგენტომ უარყო ეს არგუმენტი.
ცნობისთვის, სპეციალური საგაზო დირექტივები, რომელიც ევროკავშირმა 2009 წელს მიიღო, გაზსადენის მფლობელ კომპანიას ავალდებულებს, განაცალკევოს გაზის მომწოდებელი კომპანია და ტრანსპორტირების ოპერატორი, ასევე გაზსადენის სიმძლავრეებზე უზრუნველყოს მესამე მხარის წვდომა და ტრანსპარენტული და დისკრიმინაციული მიდგომისგან თავისუფალი ტარიფები. ამ დირექტივების შესასრულებლად გაზპრომმა გაზსადენის სიმძლავრის მხოლოდ 50% უნდა გამოიყენოს, დანარჩენი სიმძლავრეები მესამე მხარეს უნდა გადასცეს. ახლა კი გაზის მიმწოდებელ Nord Stream AG-ს მოუწევს, იყოს გაზსადენის დამოუკიდებელი გამტარი.